
ტარგეტული თერაპია კიბოს მკურნალობის თანამედროვე მეთოდია.

ტარგეტული თერაპიის დროს გამოყენებული სამკურნალო საშუალებები ამოიცნობს და ზემოქმედებას ახდენს იმ სპეციფიკურ მოლეკულებზე, რომლებიც მონაწილეობენ კიბოს უჯრედის ზრდასა და გავრცელებაში.

ტარგეტული თერაპია არ უტევს ყველა სწრაფად მზარდ უჯრედს. ის განასხვავებს კიბოს უჯრედებს, ამოიცნობს რა ჯანმრთელი უჯრედებისაგან განსხვავებულ მათ ქცევას.

ტარგეტული თერაპია არ მუშაობს კიბოს ყველა სახეობაზე, კიბოს ზოგიერთი ტიპი მკურნალობის ამ მეთოდს არ ექვემდებარება. ამიტომ, მას წინ უსწრებს სიმსივნის მოლეკულური გამოკვლევა. სწორედ ამის მიხედვით დგინდება, სჭირდება თუ არა პაციენტს ეს უკანასკნელი.

ტარგეტული თერაპიის დროს პრეპარატის მიღება ხდება ნემსით კუნთში ან კანქვეშ, ან პრეპარატის შეყვანა ხდება ვენაში, ასევე, შესაძლებელია ტაბლეტის სახით მიიღება პირის ღრუდან.

ტარგეტულ თერაპიას შეუძლია:

შეაჩეროს კიბოს უჯრედების ზრდა, გაყოფა და გამრავლება;

შეამოკლოს კიბოს უჯრედების სიცოცხლის ხანგრძლივობა;

შეაჩეროს სიმსივნის სისხლმომარაგება;

დაეხმაროს იმუნურ სისტემას კიბოს უჯრედების განადგურებაში;

მიაწოდოს უჯრედებისთვის მომაკვდინებელი ნივთიერებები კიბოს უჯრედებს;

გამოიწვიოს კიბოს უჯრედების შიმშილი, მათთვის საჭირო საკვები ნივთიერებების არმიწოდების გზით.

ტარგეტული თერაპია ნაკლებ ზიანს აყენებს ჯანმრთელ უჯრედებს, ვიდრე ეს, მაგალითად, ქიმიოთერაპიის დროს ხდება. ამიტომ, გვერდითი მოვლენებიც უფრო ნაკლებია. შესაძლებელია გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:

დაღლილობა

ტემპერატურის მომატება

გრიპის მსგავსი სიმპტომები

კანისა და თმის ცვლილებები: კანის სიმშრალე, აკნეს მსგავსი გამონაყარი, ფრჩხილების სტრუქტურის შეცვლა, თმის დეპიგმენტაცია
მზის სხივებზე და სინათლეზე მგრძნობელობის გაზრდა

სუნთქვის გაძნელება

არტერიული წნევის მატება

გულის კუნთის ცვლილებები და გულის მუშაობის ფუნქციის დარღვევა

გავლენა საჭმლის მომნელებელ ტრაქტზე (პირი, საყლაპავი, კუჭი და ნაწლავები), დიარეა

ჰეპატოტოქსიურობა - ცვლილებები ღვიძლის ფერმენტების ანალიზში
ცვლილებები შარდის ანალიზში

ნერვული სისტემის ცვლილებები, დეპრესია

ცვლილებები სისხლში, სისხლის შედედების სისტემის მოშლა

წონის კლება ან მატება

ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენების განვითარება აუცილებელი არ არის, თქვენ შეიძლება რამდენიმე ან არცერთი მათგანი არ განგივითარდეთ. პაციენტების უმეტესობა ტარგეტული თერაპიის პერიოდში თავს კარგად გრძნობს და ცხოვრებას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.

ზოგადი სიმპტომები, რომლის დროსაც აუცილებელია მიმართოთ ექიმს, შემდეგია:

38°C-ზე მაღალი სიცხე, შემცივნება, ოფლიანობა

წონის კლება ან მატება, რომელიც 5 კგ-ს აღემატება

სუნთქვის გაძნელება, თავბრუსხვევა, გულისცემის ცვლილება

ფაღარათი და ა.შ.

ტარგეტული თერაპიის დროს, მნიშვნელოვანია, რომ თქვენ ჯეროვნად იზრუნოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, რაც ნიშნავს, რომ დანიშნული მედიკამენტები მიიღოთ ზუსტად იმ დროს და იმ ფორმით, როგორც ეს ექიმის მიერ არის მოწოდებული,უნდა იკვებოთ სრულფასოვნად, მიიღოთ საკმარისი რაოდენობის სითხე და უნდა დაიცვათ თავი ინფექციებისგან.
გამოყენებული წყაროები: